Sunday, 31 August 2014

ტრენინგის მე-3 დღე

 ტრენინგის მესამე დღეს თავდაპირველად გავეცანით დღის წესრიგს და ტრადიციულად გავიმეორეთ წინა დღის მასალა. შემდეგ კი გადავედით ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე: ესაა პროექტის გეგმაზე მუშაობა. გავხსენით ჩვენს საქაღალდეში შენახული სკოლის რესურსების საქაღალდე და მასში მოთავსებული პროექტის გეგმა მოვარგეთ ჩვენს მიერ მოფიქრებულ პროექტს. დროის უმეტესი და ძირითადი ნაწილი დავუთმეთ სტანდარტის განსაზღვრას და მის შეტანას პროექტის გეგმაში. განვსაზღვრეთ ჩვენი პროექტის შესაბამისად სტანდარტები და გარდა ამისა, განვსაზღვრეთ პროექტის მიზნები. ამისათვის ტრენერმა წამოგვიდგინა რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლებიც დაგვეხმარებოდა სწორად შეგვერჩია სიტყვები და მიზნები ყოფილიყო სტანდარტთან შესაბამისი. ამისათვის გამოვიყენეთ საგნრობრივი სტანდარტი, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და ბლუმის ტაქსონომია. აღნიშნული დოკუმენტები ძალიან დაგვეხმარა ზუსტად განგვესაზღვრა მიზანი. ამის შემდეგ გადავედით მიმართულების მიმცემი კითხვების შედგენაზე. ტრენერმა მოგვაქწოდა სრულყოფილი ინფორმაცია თუ როგორ უნდა დავალაგოთ მიმართულების კითხვები და სწორად შევარჩიოთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. განვიხილით რამდენიმე მაგალითი და ნიმუში, რომლებიც დაგვეხმარა დაგვეხარისხებინა და სწორად შეგვერჩია კითხვები კატეგორიების მიხედვით. და ბოლოს კვლავ ვიმუშავეთ ბლოგზე, კერძოდ კი ვისწავლეთ თუ როგორ უნდა შევცვალოთ მონაცემები ჩვენს ბლოგზე და შევცვალოთ მისი დიზაინი.
ტერნინგის მესამე დღე ასევე ძალიან ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი იყო.

Saturday, 30 August 2014

ტრენინგის მე-2 დღე



ტრენინგის მეორე დღე ტრადიციულად დღის წესრიგის გაცნობით დაიწყო. პირველ რიგში ტრენერმა გვთხოვა წარმოგვედგინა პროექტის სათაური, რომელიც პირველ დღეს მოგვცა დავალების სახით. ესაა ის პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ მომავალ სასწავლო წელს. ამის შემდეგ კი გავიმეორეთ წინა დღეს შესწავლილი მასალა. ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენი დღის წესრიგში შედიოდა, იყო ბუკლეტის დამზადება პროექტისათვის. პროექტის განხორციელების დაწყებით ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია ბუკლეტის დამზადება, რადგან ეს საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ დაგეგმილი პროექტის რეკლამირება, წარვუდგინოთ იგი სამიზნე აუდიტორიას, რათა გავაღვიძოთ ინტერესი და გავაცნოთ მათ პროექტის აქტუალობა და მნიშვნელობა. თუმცა ვიდრე უშუალოდ ბუკლეტის დამზადებაზე გადავიდოდით, გავეცანით Word-ის ინსტრუმენტებს, რომლებიც დაგვეხმარებოდა ბუკლეტის შექმნაში. კონკრეტულად, თუ როგორ უნდა გაგვეფორმებინა მისი დიზაინი, მოგვეძია სურათები, განგვეთავსებინა მასში სხვადსხვა ტექსტები და ა.შ. ამის შემდეგ კი მოგვეცა დავალება, რომ ჩვენს მიერ დაგეგმილი პროექტისათვის შეგვექმნა ბუკლეტები ჩვენი სურვილისამებრ. ამისათვის დაახლოებით 1 საათი გვქონდა გამოყოფილი. აღნიშნული პროცესი ძალიან საინტერესო იყო, რადგან ჩვენ პრაქტიკულად განვახორციელეთ შესწავლილი მასალა და ამით განვიმტკიცეთ ბუკლეტის შედგენის შესახებ მიღებული ინსტრუქცია.
ამის შემდეგ, ტრენერმა გვასწავლა მასალის დაარქივება. ჩვენს მიერ ამ დრომდე შექმნილი დოკუმენტაცია, რომელიც საქაღალდეებს მოიცავს, დავაარქივეთ და გადავგზავნეთ ჩვენი ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ამ ქმედების მიზანია უსაფრთხოდ იყოს შენახული ჩვენი ნამუშევრები, რათა თავიდან ავიცილოთ მათი დაკარგვა რაიმე მიზეზით. გარდა ამისა, ეს საშუალებას მოგვცემს ორგანიზება გავუკეთოთ ყოველი დღის მასალას.
და ბოლოს, ჩვენ კვლავ ვესტუმრეთ ჩვენს ბლოგებს და ვისწავლეთ ბლოგის დათვალირება, მასზე გამოქვეყნებული პოსტების რედაქტირება და შენახვა.
ტრენინგის მეორე დღე ასევე ძალიან ნაყოფიერი იყო, რადგან ვისწავლეთ ბევრი მნიშვნელოვანი რამ, რაც პროექტის სრულყოფილად განხორციელებისათვის იქნება საჭირო.

Friday, 29 August 2014

ტრენინგის 1-ლი დღე:

ინტელის სასწავლო კურსი



ტრენინგის პირველი დღე დაიწყო გაცნობით და დღის წესრიგის გაცნობით. ტრენერმა გაგვაცნო დღის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები და თემები, რომელსაც გავეცნობოდით ტრენინგის პირველ დღეს; ტრენინგის მონაწილეთა წარდგენის შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო ინტელის ძირითადი კურსის მიზნები. ამის შემდეგ კი შევედით ტრენერის - ქეთი ცერაძის ბლოგზე: ketitseradze.blogspot.com, რომელზეც ჩვენ გავეცანით ინფორმაციას ტრენინგის შესახებ, რომლის სახელწოდებაა "პროექტებით სწავლება". ტრენინგის მონაწილეები გავეცანით სხვადასხვა ინფორმაციას პროექტებით სწავლების შესახებ და ამასთანავე ვისწავლეთ თუ როგორ უნდა შეგვექმნა ელექტრონული პორტფოლიო, რომელშიც განვათავსებდით ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტების მასალას. შევქმენით საქაღალდე კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე, რომელსაც დავაწერეთ ჩვენი სახელი და გვარი, მასში კი შევქმენით ახალი საქაღალდეები შესაბამისი სახელწოდებებით. ეს საქაღალდეები გვჭირდება იმ მასალისა და დოკუმენტაციის შესანახად, რომელიც ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებს უნდა ახლავდეს თან. 
ამის შემდეგ კი დავუბრუნდით ტრენერის ბლოგს, საიდანაც გავხსენით რამოდენიმე საჭირო დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ გავეცანით, განვიხილეთ და შევინახეთ ზემოთაღნიშნულ საქაღალდეებში. 
შემდგომი ნაბიჯი ქართველი და უცხოელი კოლეგების მიერ შექმნილი და განხორციელებული პროექტების გეგმებს. და ბოლოს, ქალბატონმა ქეთი ცერაძემ გვიჩვენა ბლოგის შექმნის ინსტრუქცია, რისთვისაც შევედით ჩვენი ელექტრონული ფოსტის მისამართზე და ამის მეშვეობით შევქმენით ბლოგები, ტრენერის ინსტრუქციის შესაბამისად.
მე ვფიქრობ, რომ აღნიშნული ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვან, დადებით გავლენას იქონიებს ჩემი შემდგომი პროფესიული განვითარების კუთხით, რადგან საყოველთაოდ ცნობილია, რომ პროექტებით სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას და მათი მოტივაციის ამაღლებას, ეს კი არის მასწავლებლის წარმატებული საქმიანობის გარანტი. ტრენინგის პირველ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პორტფოლიოსა და ბლოგის შექმნა, რადგან ეს ყველაფერი საშუალებას მომცემს ორგანიზება გავუკეთო ჩემს მიერ განხორციელებული პროექტებს.